უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი


ძებნა საიტზე
წინ
შს სამინისტროს მაღალჩინოსანი უარყოფს მისი უწყების მხრიდან საქართველოდან გაქცეული ჟურნალისტის მიმართ ზეწოლის ფაქტს
[17.02.2010]
შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი შოთა უტიაშვილი უარყოფს სამინისტროს მხრიდან ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძეზე ზეწოლის ფაქტს.

„პირველი არხის" კორესპონდენტის კითხვას (გადაცემაში „დიალოგი - დავით პაიჭაძესთან") , უთვალთვალებდნენ თუ არა სპეცსამსახურების თანამშრომლები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძეს იმ დროს, როცა ის შვეიცარიაში მიემგზავრებოდა, შოთა უტიაშვილმა უპასუხა, რომ აეროპორტში ნამდვილად იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, თუმცა ამას კომახიძის შვეიცარიაში გამგზავრებასთან კავშირი არ ჰქონია.

„აეროპორტში პოლიციის თანამშრომლები ყოველთვის არიან, იმისდა მიუხედავად, კომახიძე მიემგზავრება თუ რჩება ქვეყანაში", განაცხადა უტიაშვილმა.


სტუდია "რეპორტიორის" ხელმძღვანელმა ვახტანგ კომახიძემ თებერვლის დასაწყისში შვეიცარიის ხელისუფლებას პოლიტიკურ თავშესაფარი სთხოვა, იმ მოტივით რომ მისი და მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოებას საქართველოს შს სამინისტროს თანამშრომლები ემუქრებიან.

„მუქარა მოჰყვა ბატონ პაატა ზაქარეიშვილთან და ქალბატონ მანანა მებუკესთან ერთად ცხინვალში ვიზიტს, სადაც მივიღე მნიშვნელოვანი მასალა 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით.

„დევნა და თვალთვალი იქამდე მივიდა, რომ თბილისიდან ჟენევაში გამომგზავრებისას, თბილისის აეროპორტში გამთენიის 4 საათზე „გაცილება" მომიწყო კუდის თითქმის მთელმა შემადგენლობამ, მისი ყველაზე ცნობილი სახეების მონაწილეობით."


კომახიძე ამჟამად შვეიცარიის ფრანგულ კანტონაში ლტოლვილთა თავშესაფარში იმყოფება.
უტიაშვილმა „პირველი არხის" კორესპონდენტს განუცხადა, რომ ცხინვალიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის დროს კომახიძეს სამართალდამცველები „გაესაუბრნენ, თუმცა ეს ატარებდა ფორმალურ ხასიათს."
შს სამინისტროს მაღალჩინოსნმა დასძინა, რომ ძალოვანი სტრუქტურები არ დაინტერესებულან კომახიძის ცხინვალში ყოფნის მიზეზებით, მან ასევე უარყო გამომძიებელი ჟურნალისტის დაკითხვის ფაქტი.

„ჩვენ არ დავკავშირებივართ და არ დავინტერესებულვართ კომახიძის საქმიანობით, რადგან არ ვერევით ჟურნალისტის საქმიანობაში", განაცხადა უტიაშვილმა.
მისივე თქმით, კომახიძე არ ფლობდა სახელმწიფო საიდუმლოებას და შინაგან საქმეთა სამინისტროს არ ჰქონდა ინფორმაცია ჟურნალისტის მიერ ცხინვალში გადაღებულ მასალაზე.

„ჩვენთვის გაუგებარია, რა ახალი უნდა გადაეღო კომახიძეს რუსების მიერ გადაღებულ იმ ათობით ფილმზე უარესი, სადაც ისინი უამრავ ცოდვაში გვადანაშაულებენ", - დასძინა უტიაშვილმა.

წყარო: media.ge

Copyright © 2009 - 2024 | All Rights Reserved