უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი


ძებნა საიტზე
წინ
გაზეთ „შანსის“ მთავარი რედაქტორი იანუკოვიჩს ოჯახისთვის პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვს
[23.03.2010]
ნინო მიქიაშვილი, presa.ge

გაზეთ „შანსის“ დამფუძნებელმა და მთავარმა რედაქტორმა, ბონდო ქურდაძემ, გასულ შაბათს საქართველო მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად დატოვა, რის მიზეზებზეც მას პრესა.გე ტელეფონით ესაუბრა. იგი ამჟამად კიევშია. 19 მარტს მან ოფიციალურად და უკრაინული მედიასაშუალებებით წერილობითი თხოვნით მიმართა უკრაინის პრეზიდენტს, ასევე დასავლეთ ევროპის ქვეყნებს, რომ მისმა ოჯახმა მიიღოს პოლიტიკური თავშესაფარი.

- რატომ ითხოვთ პოლიტიკურ თავშესაფარს?

ბონდო ქურდაძე: იმიტომ, რომ ჩემზე ზეწოლა ხორციელდებოდა – ოჯახის წევრებზე მემუქრებოდნენ. უკრაინის და დასავლეთ ევროპის ქვეყნებს დახმარებას ვთხოვ, ჩემი ოჯახი შეიფარონ. მე ჩაბარებას არ ვაპირებ. ჩემი ცოლ–შვილისთვის პოლიტიკურ თავშესაფარს, როგორც კი ავიღებ, საქართველოში დავბრუნდები და გავაგრძელებ ბრძოლას დემოკრატიისთვის, სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. მე არა ვარ მიშა სააკაშვილი, რომ საქართველოდან გამოვიქცე. ალყაშემორტყმულ სოხუმში ვარ შესული.

- რაზე საუბრობთ წერილში, რომლითაც მიმართეთ უკრაინის პრეზიდენტს?

- იმ მდგომარეობაზე, რაც ჩვენს ქვეყანაშია შექმნილი – რომ არ არსებობს თავისუფალი ქართული ტელევიზია; რომ არის პოლიციური სახელმწიფო, მოსმენებით, დევნით; და რომ არ არსებობს სასამართლო.

- კონკრეტულად იმ ზეწოლებზეც საუბრობთ, რაც თქვენს მიმართ განხორციელდა?

- დიახ. თქვენ იცით, რომ აღებული მაქვს „ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას“ გაშუქების ექსკლუზიური უფლება. ასევე ავიღე იმ კასეტის გაშიფვრის ექსკლუზიური უფლება, სადაც ზურაბ ჟვანიას სიკვდილზეა ლაპარაკი. მე ჩემი ოჯახი იმ მუქარებს გამოვარიდე, რაც ხორციელდებოდა – უსაფრთხოების მიზნით სხვა ქვეყანაში გავიყვანე.

- უკრაინა რატომ აირჩეთ?

- მთელს ოჯახზე შენგენის ვიზა მქონდა, მაგრამ დასავლეთ ევროპაში არ წავედი; აქ ერთადერთი მიზეზის გამო ჩამოვედი – წინა პრეზიდენტს სისხლი არ დაუღვრია, ისე ვაჟკაცურად ჩაატარა არჩევნები და ხელისუფლებიდან წავიდა; აქ სისხლისღვრა და უბედურება გამორიცხულია. უკრაინელები ამას არ გააკეთებენ. ჩვენი პრეზიდენტი იუშენკოსთან მეგობრობდა, მაგრამ ეს თვისება მისგან ვერ გადმოიღო. ყოფილი პრეზიდენტი უკრაინელებს ძალიან უყვართ; აქ უკრაინელმა ხალხმა თავისი ნება გამოავლინა და უკრაინამ დაამტკიცა, რომ ეს დემოკრატიული ქვეყანაა.

თვითმფრინავიდან რომ ჩამოვედი, თავი ისე ვიგრძენი, როგორც მონტე კრისტომ, ციხიდან თავისუფლების კუნძულზე გასვლის შემდეგ; ამოვისუნთქე, უკან აღარ ვიხედები, ჯიბეებში ხელები არ მაქვს ჩაწყობილი, რომ ვინმემ რაიმე არ ჩამიდოს, ლაპარაკის დროს ტელეფონს არ ვთიშავ. აქ ყველა მომღიმარი სახით დადის. ძალიან თბილად დამხვდნენ.

თითქმის ყველამ იცის, საქართველოში, რაც ხდება. ძალიან შეურაცხყოფილები არიან, იმის გამო, რომ საქართველოდან არჩევნებზე 2 000 პოლიციელი დამკვირვებლებად გაგზავნეს. აქ ამბობენ – სააკაშვილი საქართველო არ არის, ჩვენ გვიყვარს ქართველი ხალხიო. თვითონ სააკაშვილი არანორმალურად მიაჩნიათ. მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც „იმედის“ ეთერში „მოდელირებული ქრონიკა“ გავიდა. აქაურ გაზეთებში ამაზე ეწერა და გასულელებულია ხალხი.

- როდის ბრუნდებით საქართველოში?

- ჩემი ცოლ–შვილისთვის ავიღებ თუ არა პოლიტიკურ თავშესაფარს, ეგრევე დავბრუნდები საქართველოში.

- ანუ ეს დროში შეიძლება გაიწელოს და ხვალ და ზეგ ვერ დაბრუნდებით, ხომ?!

– მგონი ეს პროცესი დროში არ გაიწელება. ძალიან მალე დავბრუნდები. ვიმეორებ, მე არსად არ გავიქცევი; უბრალოდ, მშვიდად რომ ვიყო და ვიგრძნო, რომ ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა, ამიტომ გადავდგი ეს ნაბიჯი.

- ამის შესახებ იცოდა ვინმემ რაიმე საქართველოში?

- კონკრეტულად წავიდოდი თუ არა, ეს არ იცოდნენ; ისინი მხოლოდ ჩემი მდგომარეობის შესახებ იყვნენ ინფორმირებულები. 2009 წლის აპრილის აქციების დროს „შანსი“ ხომ საკანში გამოდიოდა?! ზეწოლებისა და მუქარების შემდეგ, 2009 წლის სექტემბერში ბათუმში ჩავედი და ქეთი დოლიძეს ვთხოვე, როგორმე დამხმარებოდა, ჩემი ცოლ–შვილი გაეყვანა. რეზო ესაძეს და დავით მაღრაძეს გავაცანი საქმის ვითარება; ასევე თემურ შაშიაშვილს, გიორგი ცაგარეიშვილს, ზაზა ხატიაშვილს. ჩემზე და ჩემს ოჯახზე განხორიცელებულ ზეწოლებზე გაკვრით მქონდა საუბარი ეკა ბესელიასთან. გოგა ხაინდრავასთან მქონდა ლაპარაკი. წამოსვლის წინ ზურაბ ნოღაიდელსაც შევხვდი.

შემეძლო, რუსეთში წავსულიყავი, მაგრამ ეს არ გავაკეთე, რადგან ვიცოდი, რომ შემდეგ მოღალატედ გამომაცხადებდნენ. ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები უკრაინას თითქოს აქებდნენ, მაგრამ დღეს მათ აქ აღარ ჩამოესვლებათ, მაგრამ ქართველ ხალხს ჩვეულებრივ ჩამოესვლება. სწორედ ამიტომ გადავდგი ეს ნაბიჯი უკრაინისკენ და არა სხვა ქვეყნისკენ.

Copyright © 2009 - 2024 | All Rights Reserved