უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი


ძებნა საიტზე
წინ
საერთაშორისო გამჭირვალობა: არჩევნების წინ ადგილობრივ ხარჯებში 'უპრეცედენტო ზრდაა'
[29.03.2010]
მაისის ადგილობრივი არჩევნების წინ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის გამოყოფილი თანხების ”უპრეცედენტო ზრდა” აღინიშნა, ნათქვამია ”საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს” ანგარიშში.

ანგარიში სახელწოდებით ”ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება წინასაარჩევნო კამპანიის მიზნებისთვის” 29 მარტს გამოქვეყნდა. მასში ნათქვამია, რომ არჩევნების წინ ”საგრძნობლად გაიზარდა” თბილისის მერიის მუშა-მოსამსახურეთა რიცხოვნობა და მხარეების რწმუნებულთა აპარატებში დასაქმებულთა რაოდენობა.

ანგარიშის თანახმად, ამგვარი ტენდენცია წინააღმდეგობაში მოდის პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ გამოცხადებულ ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების ე.წ.  ”ქამრების შემოჭერის” პოლიტიკასთან.

თბილისის მერიის თანამშრომელთა რაოდენობა 410-ით გაიზარდა, ხოლო სახელფასო ფონდს 5.5 მილიონი ლარი შეემატა, ნათქვამია ანგარიშში.

”ზემოთ აღნიშნული ინიციატივის ოპონენტები ამ ცვლილებებს მაისის არჩევნებს უკავშირებენ. მათი აზრით, ხელისუფლება საბიუჯეტო სახსრებით იმ დამატებითი ადამიანური რესურსის დასაქმებას ახდენს, რომელიც მმართველი პარტიის წინაარჩევნო მაკპანიაში იქნება ჩართული,” - წერია ანგარიშში.

2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 836.9 მილიონი ლარი გამოიყო ადგილობრივი თვითმმართველობისთვის ტრანსფერების სახით, რაც 2009 წელთან შედარებით 34%-ით მეტია. ამას გარდა, მთავრობამ შარშანდელთან შედარებით გააორმაგა სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამისთვის გამოყოფილი თანხა და ის წელს 40 მილიონ ლარს შეადგენს.

”თვითმმართველობებს აქამდე არასდროს მიუღიათ ამხელა დაფინანსება,” - ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან თბილისისთვის ტრანსფერის სახით გამოყოფილი თანხა და თავად დედაქალაქის ბიუჯეტიც ”უპრეცედენტო მოცულობისაა” – ტრანსფერები 323 მილიონი ლარი და მთლიანი ბიუჯეტი 570.8 მილიონი ლარი.

ანგარიშის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ საპენსიო პოლიტიკა თვითმმართველობის კომპეტენციას არ განეკუთვნება, თბილისის მერია აფინანსებს დედაქალაქში მცხოვრები პენსიონერებისთვის პენსიის 10 ლარით გაზრდას. ეს ზრდა, რომელიც 2010 წლის 1 მარტიდან შევიდა ძალაში და რომლისთვისაც 19,9 მილიონი ლარია გამოყოფილი, არ ეხება იმ პენსიონერებს, ვინც თბილისში არ ცხოვრობენ. ამგვარ მიდგომას ანგარიში ”დისკრიმინაციულს” უწოდებს.

მერია ასევე აფინანსებს იმ 4 მლნ ლარის ღირებულების პროგრამას, რომელიც დედაქალაქის პენსიონერებისთვის მედიკამენტების შესაძენად 25-ლარიანი სამედიცინო ვაუჩერების გაცემას ითვალისწინებს.

”აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროგრამები [სამედიცინო ვაუჩერების დარიგება] 2006 წლის ადგილობრივი არჩევნებისა და 2008 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დროსაც განხორციელდა, მაგრამ არ განხორციელებულა 2007 და 2009 წლებში, როდესაც არჩევნები არ იმართებოდა,” - ნათქვამია ანგარიშში.

თბილისის მერიის მიერ განხორციელებული 3.5 მილიონი ლარის ღირებულების კიდევ ერთი პროგრამის საშუალებით, დედაქალაქის 167 271 პენსიონერი სატრანსპორტო ბარათებს იღებს, რომელიც საშუალებას აძლევს მათ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მეტროთი და ავტობუსით შეღავათიან ფასში იმგზავრონ.

ანგარიშში ნათქვამია, რომ პენსიონერთა დახმარების მსგავსი პროგრამები პროგრამები ეწინააღმდეგება მთავრობის მიერ 2006 წელს განხორციელებულ სოციალური დახმარების რეფორმას. რეფორმის საფუძველზე სოციალური დახმარების გაცემის კრიტერიუმად არა ცალკეული კატეგორიები, მაგალითად პენსიონერები, ომის ვეტერანები და ა.შ. განისაზღვრა, არამედ ის, თუ რამდენად უჭირდათ ოჯახებს და რამდენად აუცილებელი იყო მათთვის სახელმწიფოს დახმარება იმისდა მიუხედავად იყვნენ თუ არა ამ ოჯახის წევრები პენსიონერები თუ სხვა კატეგორიის წარმომადგენლები.

”სოციალური დახმარების ეს სისტემა დღესაც მოქმედებს და მის მთავარ პრინციპს - დახმარების საჭიროების და არა კატეგორიების საფუძველზე გაცემას - როგორც ხელისუფლებაში, ისე მის გარეთ დღესაც ბევრი მომხრე ჰყავს. ამის მიუხედავად, თბილისის მერია ახორციელებს სოციალურ პროგრამებს, რომლებიც სოციალური დახმარების სახელმწიფო სისტემის ჩარჩოებში არ ჯდება და ამის შესახებ ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან შენიშვნები არ გამოთქმულა.”

თბილისის მერი გიგი უგულავა მმართველ პარტიას ჯერ არ დაუსახელებია მერობის კანდიდატად. მისი ოპონენტები აცხადებენ, რომ ბოლო თვეების მანძილზე უგულავას საქმიანობა მისი გამოუცხადებელი საარჩევნო კამპანიის ნაწილია რომლის დროსაც ის ადმინისტრაციულ რესურსებს იყენებს.  თუმცა, მმართველი პარტია ანცხადებს, რომ მერი თავის ჩვეულ საქმიანობას აგრძელებს, როლის მიზანი თბილისელთა პრობლემების გადაჭრაა და რომელსაც საარჩევნო კამპანიასთან კავშირი არ აქვს.

მერობის კანდიდატთა დასახელების ვადა 30 აპრილს იწურება.

კანონი საარჩევნო კამპანიის დროს პოსტის დატოვებას მოქმედ მერს არ ავალდებულებს.

 იხილეთ დასკვნა სრულად

Copyright © 2009 - 2024 | All Rights Reserved