უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი


ძებნა საიტზე
წინ
საქართველო: თბილისში გაიმართა უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელის შეხვედრა
[07.07.2010]
3-4 ივლისს თბილისში გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებისადმი მიძღვნილი რეგიონული კონფერენცია გაიმართა. ასევე შედგა უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელის შეხვედრაც.

რეგიონულ შეხვედრას ქსელის წევრები ამიერკავკასიის სამივე ქვეყნიდან ესწრებოდნენ. 2 და 5 ივლისს გამართული ღონისძიების მიზანი განხორციელებული საქმიანობის შეფასება, გამოცდილების გაზიარება და იმ პრობლემური საკითხების განსაზღვრა იყო, რომელთა გამოსწორება აუცილებელია თანამშრომლობისა და ქსელის ეფექტურობის გაუმჯობესებისათვის.

3-4 ივლისს გამართული რეგიონული კონფერენცია ორგანიზებული იყო „კონსტიტუციის 42-ე მუხლისა“ და „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ. უფლებადამცველთა სმხრეთკავკასიური ქსელის წევრების, რეგიონული მედია საშუალებათა ჟურნალისტებისა და ექსპერტების გარდა, წარმოდგენილი იყვნენ ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები, დიპლომატიური მისიები, საერთაშორისო არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციები. კერძოდ, მონაწილეობდნენ საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის, ნიდერლანდების ჰელსინკის კომიტეტის, მე-19 მუხლის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და ევრაზიის პარტნიორობის ფონდის წარმომადგენლები. ასევე, მომხსენებლების სახით, მოწვეული იყვნენ საქართველოს ხელისუფლებისა და საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის წარმოამდგენლები. კონფერენციის დასკვნითი ნაწილი მიეძღვნა რეგიონში გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების სფეროში სიტუაციის გაუმჯობესებისათვის საჭირო რეკომენდაციებსა და მოსაზრებებს.

ღონისძიებები გაიმართა „ნიდერლანდების ჰელსინკის კომიტეტის“ მიერ დაფინანსებული პროექტის, „სტრატეგიული სამართალწარმოება კავკასიაში“ და ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის, „უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელის“ ფარგლებში.


Copyright © 2009 - 2024 | All Rights Reserved