უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი


ძებნა საიტზე
წინ
აზერბაიჯანი: ეინულა ფატულაევის ღია წერილი პრეზიდენტ ალიევის მიმართ
[12.08.2010]

ეინულა ფატულაევმა, გაზეთების; “რეალური აზერბაიჯანი” და “გუნდელიკ აზერბაიჯანი,” თავისუფლებააღკვეთილმა მთავარმა რედაქტორმა, ღია წერილით მიმართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს. წერილი ორ ნაწილად გამოქვეყნდა გაზეთ “აზადლიგში,” 6 და 7 აგვისტოს.

წერილში ფატულაევმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ილჰამ ალიევი კიდევ ერთხელ შეეცადა გაემართლებინა მისი დაპატიმრება, როცა ფრაზა “ეს შეუწყნარებელია’’ გამოიყენა 22 ივლისს, ეროვნული პრესის დღეს გაკეთებულ მოხსენებაში.

“ასეთი ჟურნალისტისათვის ადგილი არც პრესაშია და არც საზოგადოებაში. მე ვიყავი 2008 წლის 8 თებერვალს გაკეთებული მისი აგრესიული განცხადების მთავარი მიზეზი. თუმცა, ეს განცხადება ყოველმხრივ შეუწყნარებელია,” – აცხადებს ფატულაევი ილჰამ ალიევისადმი მიმართულ წერილში.

ფატულაევმა განაცხადა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მას დაუყონებლივი გათავისუფლების იმედი ჰქონდა, თუმცა, მიხვდა, რომ სცდებოდა, როცა პრეზიდენტის პასუხი “ეს შეუწყნარებელია,” მოისმინა.

“მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მე არ მჭირდება შეწყნარება. მე არ მინდა შეწყნარება, გადაწყვეტილებით თუ გადაწყვეტილების გარეშე, რადგანაც მე არაფერში არა ვარ დამნაშავე, არც ჩემი ერისა და არც სახელმწიფოს წინაშე. ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილების 175 მუხლი აცხადებს: “ეინულა ფატულაევის წინააღმდეგ მიმართული ორივე ბრალდება უსაფუძვლო იყო მსჯავრდებისათვის. განა ეს საკმარისად ნათელი არ არის?” განაცხადა ეინულა ფატულაევმა და დასძინა, რომ იმედოვნებს, ადამიანის უფლებათა სასამართლო იგივე გადაწყვეტილებას გამოიტანს ბოლო ბრალდების მიმართაც.

“22 ივლისს, თავისუფალი პრესის დღეს, თქვენ ფართოდ გაავრცელეთ ცნობა: ჟურნალისტს არ შეუძლია ინტერვიუ გამართოს ნაგორნი ყარაბაღში! ნება მიბოძეთ გკითხოთ, რომელი კანონის თანახმად? სად არის ეს განსაზღვრული? რომელი კანონმდებლობით? ჩვენი სახელმწიფო იმ საერთაშორისო ნორმების ხელშემკვრელი მხარეა, რომლებიც ინფორმაციის გავრცელების თავისუფლებას ანმტკიცებენ. თქვენი ბრძანება ნათლად გამოხატავს თქვენს ჭეშმარიტ დამოკიდებულებებს მედიის თავისუფლებისა და დამოუკიდებელი პრესის მიმართ. თქვენ არ გაქვთ უფლება უბრძანოთ ჟურნალისტს. მე ვწყვეტ თუ რა იქნება საინტერესო ჩემი მკითხველისათვის და არა თქვენ. ეს ჩემი უფლებაა. ვერცერთი შაჰი, მეფე, ტოტალიტარი მმართველი თუ დომინანტი სისტემა ვერ წამართმევს ამ უფლებას. მე არ ვარ მონა; მე თავისუფალი ადამიანი ვარ. მე შეიძლება შევცდე; თუმცა, ჩემს შეცდომებშიც ვეძებ ჭეშმარიტებას. თქვენი სათამაშო სასამართლოებისაგან განსხვავებით, სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა; “ეინულა ფატულაევს აქვს ჭეშმარიტების ძიების თავისუფლება. დაუშვებელია ამ უფლების ჩამორთმევა,” ვინ მოგცათ საერთაშორისო სასამართლოების ნების წინააღმდეგ მოქმედების უფლება?” ეკითხება ფატულაევი ილჰამ ალიევს.

Copyright © 2009 - 2024 | All Rights Reserved