South Caucasus Network of Human Rights Defenders


Saytda axtarış
İrəli
უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი გმობს მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დაკავებისა და დაჯარიმების ფაქტს
[18.08.2010]
უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელის წევრები გმობენ 14 აგვისტოს, თბილისში, ჯორჯ ბუშის ქუჩაზე გამართული მშვიდობიანი აქციის მონაწილეების დაპატიმრების ფაქტს. აქცია ახალგაზრდა პოეტების, ირაკლი კაკაბაძის, შოთა გაგარინისა და ალექს ჩიგვილაძის მიერ იყო ორგანიზებული. მონაწილეები აღნიშნული ქუჩისათვის, ცნობილი ამერიკელი პოეტისა და ჰუმანისტის, უოლტ უითმენის სახელს დარქმევას მოითხოვდნენ და აქციის მსვლელობისას უითმენის პოემებს კითხულობდნენ.

აქციის დაპატიმრებული მონაწილეები პოლიციის მანქანაში ორ საათზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდნენ, სადაც ხდებოდა მათი სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. მოგვიანებით დაკავებულები კახეთის გზატკეცილზე მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში გადაიყვანეს.

პროცესი 15 აგვისოს გაიმართა, რადგან სასამართლოს 14ში დასვენების დღე ჰქონდა, რის გამოც დაკავებულებმა ერთი ღამე საკანში გაატარეს. პროცესი დახურულ კარს მიღმა გაიმართა და მასზე დასწრების უფლება მედიის წარმომადგენლებსა და დაკავებულთა ოჯახის წევრებსაც კი არ ჰქონდათ. დაპატიმრებულ პოეტებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევაში დასდეს ბრალი, რაც პოლიციისათვის ბოროტ დაუმორჩილებლობას გულისხმობს. აქციაზე გადაღებული ვიდეო მასალა და მოწმეთა ჩვენებები ამტკიცებს, რომ მონაწილეები მშვიდობიანად დაემორჩილნენ პოლიციელთა მითითებებს, თუმცა ადვოკატის, ანა წიკლაურის განცხადებით, მოსამართლემ ზემოთაღნიშნული ვიდეომასალის გაცნობასა და მტკიცებულებად მიღებაზე უარი განაცხადა. სასამართლომ დაკავებულ სამივე პოეტს 250 აშშ დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა, რაც საქართველოში, საშუალო წლიური შემოსავლის მეათედს წარმოადგენს.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-11 მუხლის მიხედვით, ნებისმიერს აქვს თავისუფალი შეკრებისა და სხვებთან გაერთიანების უფლება. სამწუხაროდ, მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა უკანონო დაპატიმრება, მათი სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და შემდგომ დაჯარიმება ადასტურებს საქართველოში კანონის უზენაესობისა და გამოხატვის თავისუფლების მძიმე მდგომარეობას.

უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელის წევრები გმობენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა უკანონო დაკავებასა და გასამართლებას და მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას:

•    მოახდინონ ზემოთაღნიშნული ინციდენტის დროული, ეფექტური და მიუკერძოებელი გამოძიება;
•    დაადგინოს დამნაშავეთა ვინაობა და დასაჯოს ისინი;
•    აღკვეთოს პოლიციის თანამდებობის პირებისა და თანამშრომლების მსგავსი უკანონო ქმედებები;
•    პატივი სცეს შეკრებისა და გამოხატვის საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილ თავისუფლებებს.


ხელისმომწერი ორგანიზაციები:

ადამიანის უფლებათა ცენტრი - საქართველო
კონსტიტუციის 42-ე მუხლი - საქართველო
საზოგადოებრივი მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო - საქართველო
სამართლებრივი განათლების საზოგადოება - აზერბაიჯანი
ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის - საქართველო


Təqvim

Arxiv

Aprel 2024
B.e Ç.a Ç C.a C Ş В
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30      

Sorğu

Copyright © 2009 - 2024 | All Rights Reserved