უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი


ძებნა საიტზე
წინ
14 დაკითხული და არცერთი ბრალდება
[11.03.2015]
ქეთევან ღვედაშვილი, ლიბერალი 

ბაქოს სასამართლო აზერბაიჯანელი უფლებადამცველის, რასულ ჯაფაროვის საქმის არსებით განხილვას აგრძელებს. 5 მარტს უფლებადამცველის კიდევ ერთი პროცესი გაიმართა. რაც უფრო მეტი ადამიანი იკითხება პროკურატურის მიერ წაყენებული ბრალდების შესახებ, მით მეტი კითხვა ჩნდება.

რასულ ჯაფაროვის მეხუთე სასამართლო პროცესი კვლავ სემედ ვურგუნის ქუჩაზე მდებარე მძიმე დანაშაულთა სასამართლოში  ჩატარდა. დარბაზი, როგორც ყოველთვის, სავსე იყო. ბრალდებული მეორე პროცესის შემდეგ რკინის გალიაში აღარ მოუთავსებიათ. მან ადგილი თავისი ადვოკატების გვერდით დაიკავა.
5 მარტის პროცესზე მოწმეთა დაკითხვა გაგრძელდა. ამ დღეს სასამართლომ ექვს მოწმეს მოუსმინა. ყველა მათგანმა თქვა, რომ რასულს დოკუმენტებთან შეხება არ ჰქონია, მათ ხელს მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში აწერდა ხელს და არც საგადასახადო საკითხებს განკარგავდა.

იურისტსა და არაფორმალური ჯგუფის „ადამიანის უფლებათა კლუბის“ დამფუძნებელ რასულ ჯაფაროვს ბრალად არაკანონიერი მეწარმეობა (აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლი), გადასახადებისთვის თავის არიდება (213-ე მუხლი), თანამდებობის ბოროტად გამოყენება(308-ე), სხვისი ქონების მისაკუთრება (179.3.2-ე მუხლი) და საბუთების გაყალბება (313-ე მუხლი) ედება. ბრალდების მხარის მტკიცებით, გადასახადების დამალვით მან ბიუჯეტს 6 162 მანათის ღირებულების ზიანი მიაყენა.  

თუმცა, როგორც 5 მარტს გამართულ პროცესზე დაკითხულმა პირველმა მოწმემ განაცხადა, დანაშაული არა რასულმა, არამედ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ჩაიდინა უფლებადამცველის წინააღმდეგ. მისი თქმით, ჯაფაროვს კარგად იცნობს და ენდობა. ამბობს, რომ გრანტების მიღებისა და განკარგვის პროცესში რასულს რამე არასწორად რომ გაეკეთებინა, ამის შესახებ პირველი თვითონ განაცხადებდა.

ის ერთ-ერთი ფილმის მოდერატორი იყო და ამის სანაცვლოდ 1 000 მანათი აიღო. მან ხელშეკრულება და გადახდის ქვითარი წარმოადგინა და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ეს საქმე აზერბაიჯანის მთავრობამ რასულის წინააღმდეგ მოიგონა. 

შემდეგ ორ მოწმეს, ჰამიტ ხალილოვსა და ალილა რიზოვს ფილმის ფესტივალზე ადამიანის უფლებების შესახებ ფილმების მოდერატორობა ევალებოდათ. ამის სანაცვლოდ მათ 300 და100 მანათი მიიღეს. ხალილოვი მხოლოდ საგადასახადო დოკუმენტებს ამზადებდა, თუმცა მასში გაწერილ თანხებთან შეხება არც მას და არც რასულს არ ჰქონიათ. მას არ ახსოვს, დოკუმენტებს ხელს ვინ აწერდა. 

ალილა რიზოვმა სასამართლოში ყველა ის დოკუმენტი წარმოადგინა, რომელიც მისი და რასულის საქმიანი ურთიერთობისას გაფორმდა - ჩეკი, ხელშეკრულება, კონტრაქტი და კიდევ რამდენიმე დოკუმენტი.

ერთ-ერთი მოწმე, რომელიც ამავდროულად უფლებადამცველ ინტიგამ ალიევის ადვოკატი და არასამთავრობო ორგანიზაციის წევრია, ამბობს, რომ მათთან რასული ორი პროექტის კოორდინატორად მუშაობდა. იგი განმარტავს, რომ რასულს ფინანსებთან შეხება არ ჰქონია და ანაზღაურებასაც ადვოკატის მეშვეობით იღებდა.

მოწმე ტატიანა კრუჩკინა რასულის ორგანიზაციის მიერ მიღებული NED-ის გრანტის ფარგლებში მუშაობდა. ის, როგორც ბუღალტერი, დონორებისთვის ფინანსურ ანგარიშებსა და სხვადასხვა ფინანსურ დოკუმენტს ამზადებდა. რასულთან მისი თანამშრომლობა მხოლოდ ამით შემოიფარგლებოდა და ის არა რასულის, არამედ თავისი ოფისიდან მუშაობდა. 

დაკითხვები თანმიმდევრულად - პროკურორის, მოსამართლისა დ ადვოკატის მონაცვლეობით წარიმართა. თითოეული მოწმის დაკითხვა ძალიან მცირე დროში გრძელდებოდა.

5 მარტის პროცესზე კიდევ რამდენიმე მოწმე უნდა დაეკითხათ, მაგრამ როგორც გაირკვა, ისინი ქვეყნის გარეთ იმყოფებოდნენ. მოსამართლის თქმით, თუკი ისინი  შემდეგი პროცესისთვის საკუთარი ნებით არ გამოცხადდებიან, სასამართლო შესაბამის ღონისძიებებს გაატარებს და დაკითხვაზე ისე მოიყვანს მათ.

პროცესის დასასრულ ადვოკატმა დამატებით ორი მოწმის წარმოდგენისა და, რასულის ოფისის მფლობელის ნაცვლად, მისი ცოლის დაკითხვის შუამდგომლობა დააყენა. რასულმა განმარტა, რომ ოფისის ქირავნობის შესახებ ხელშეკრულება მეპატრონის ცოლთან გააფორმა და ფულსაც მას უხდიდა. შეგახსენებთ, რომ ოფისის მეპატრონე თავს დაზარალებულად ცნობდა და ამბობდა, რომ რასულს მისთვის ფული არ მიუცია. მაგრამ მოგვიანებით თქვა, რომ რასული მის ცოლთან თანამშრომლობდა და ქირასაც მას უხდიდა.

პროკურორმა შუამდგომლობების უგულებელყოფა მოითხოვა. თუმცა მოსამართლემ ისინი არც უარყო და არც დააკმაყოფილა. მან შუამდგომლობის გადავადების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

პროცესის დასრულების შემდეგ “ლიბერალი” რასულ ჯაფაროვის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში არსებულ პირობებსა და მასთან კომუნიკაციაზე ჯაფაროვის ძმას, სანან ჯაფაროვს ესაუბრა.

მისი ინფორმაციით, რასულს ციხის პირობებთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზია არ აქვს, საკანში 6-8 პატიმარი იმყოფება და თავს ცუდად არ გრძნობს.
“მასთან საუბრის უფლება ყოველ მეოთხე დღეს გვაქვს და ყოველთვის ვიყენებთ ამ შანსს. რაც შეეხება მის ნახვას, რასულს ოჯახის წევრებთან შეხვედრის მოთხოვნა კვირაში ერთხელ შეუძლია”.

რაც შეეხება მის ჯანმრთელობას, სანან ჯაფაროვის თქმით, დაპატიმრებამდე რასულს ჩივილები არ ჰქონია, თუმცა ბოლო პერიოდში მუცლის ტკივილი აწუხებდა. მისი თქმით, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ჯაფაროვს წამლით სარგებლობის უფლება არ შეზღუდვია.

სანან ჯაფაროვი უფლებადამცველზე ზეწოლას არ გამორიცხავს, თუმცა აცხადებს, რომ ამის შესახებ რასულს მათთან არასოდეს დაუჩივლია: “7 თვეა პატიმრობაშია და ზეწოლის შესახებ არაფერი უთქვამს. შესაძლოა, მართლაც არ ყოფილა ასეთი ფაქტი ან იყო, მაგრამ ჩვენ არ გვიმხელს”. 

შეგახსენებთ, რომ 30 წლის აზერბაიჯანელი უფლებადამცველის, რასულ ჯაფაროვის წინააღმდეგ საქმე გენერალურმა პროკურატურამ 2014 წლის მაისში აღძრა. ამავე წლის 7 ივლისს საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს, 25 ივლისის ქვეყნის დატოვება აუკრძალეს. რასული მოწმის სტატუსით  პროკურატურაში რამდენჯერმე დაიბარეს. მაგრამ 2 აგვისტოს დაკითხვაზე მისულს სტატუსი შეუცვალეს, დააკავეს და სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში რასულ ჯაფაროვს 12-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

ჯაფაროვმა „ადამიანის უფლებათა კლუბი“ 2010 წლის 10 დეკემბერს დააფუძნა. ის ასევე ხელმძღვანელობდა კამპანიებს „იმღერე დემოკრატიისთვის” და „ხელოვნება დემოკრატიისთვის“. რასულ ჯაფაროვი ხშირად საუბრობდა აზერბაიჯანში მყოფი პოლიტპატიმრების შესახებ. მის მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით, 2014 წლის 1 აპრილისთვის აზერბაიჯანში 91 პოლიტპატიმარი იყო, ძირითადად, ჟურნალისტები, ბლოგერები, უფლებადამცველები, რელიგიური ლიდერები და პოლიტიკური აქტივისტები არიან.

ადგილობრივი უფლებადამცველები და საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის „Amnesty International“ ჯაფაროვის დაკავებას მის საქმიანობას უკავშირებენ და მას პოლიტპატიმრად აღიარებენ.

15 იანვარს დაწყებული წინასასამართლო სხდომიდან დღემდე, საერთო ჯამში, 9 მოწმე და 5 დაზარალებული დაიკითხა. თუმცა სასამართლოსთვის არცერთ მათგანს რასულ ჯაფაროვის ბრალეულობის დამადასტურებელი ინფორმაცია არ მიუწოდებია. ამის გათვალისწინებით, ჯაფაროვისთვის წაყენებული ბრალდება პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უფრო უკავშირდება, ვიდრე მართლმსაჯულების აღსრულებას. 

რასულ ჯაფაროვის შემდეგი პროცესი 12 მარტს, 10:30-ზე ჩაინიშნა. აღსანიშნავია ისიც, რომ სასამართლომ მისი საქმის განხილვა დააჩქარა. ორი კვირის ნაცვლად მისი პროცესები ახლა კვირაში ერთხელ იმართება. აზერბაიჯანელი იურისტები ვარაუდობენ, რომ ამის მიზეზი ზაფხულის ოლიმპიური თამაშებია, რადგან აზერბაიჯანის ხელისუფლებას არ სურს, ბაქოში ჩასული ჟურნალისტებისა და დასავლელი ლიდერების ყურადღება უფლებადამცველთა სასამართლო პროცესებმა მიიპყროს.


კალენდარი

არქივი

ოქტომბერი 2024
 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31    

გამოკითხვა

Copyright © 2009 - 2024 | All Rights Reserved