უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი
შელაპარაკებების ფონზე - ინტიგამ ალიევის სასამართლო პროცესი
[12.03.2015]
ქეთევან ღვედაშვილი, ლიბერალი
ბაქოს მძიმე დანაშაულთა სასამართლოში თითქმის ორი თვეა დაკავებული უფლებადამცველების პროცესები მიმდინარეობს. 10 მარტს სასამართლომ 2014 წლის 8 აგვისტოს დაკავებული უფლებადამდცველის, ინტიგამ ალიევის საქმის განხილვა განაგრძო. პროცესის ძირითადი ნაწილი დაცვის მხარის შუამდგომლობების განხილვას დაეთმო. მოწმის დაკითხვას კი დარბაზში დაპირისპირება მოჰყვა, რის გამოც მოსამართლემ პროცესი გადადო.
ინტიგამ ალიევის სასამართლო პროცესი 25-წუთიანი დაგვიანებით დაიწყო. დარბაზში ადგილთა სიმცირის გამო მსურველთა ნაწილი გარეთ დარჩა.
საქმის განხილვა დაცვის მხარის შუამდგომლობებით დაიწყო. ინტიგამ ალიევის ადვოკატებმა უფლებადამცველის აღკვეთის ღონისძიების შეცვლა ითხოვეს და სასამართლოს აზერბაიჯანელი უფლებადამცველების ამავე მოთხოვნით დაწერილი განცხადება წარუდგინეს. მოსამართლე რასიმ სადიხოვმა ალიევის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე უარი განაცხადა.
ადვოკატების კიდევ ერთი შუამდგომლობა ალიევის არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისიდან წაღებული დოკუმენტების დაბრუნებას ეხებოდა. 2014 წლის 8 აგვისტოს, ინტიგამის დაკავების დღეს, პროკურატურამ მის ოფისში ჩხრეკა ჩაატარა, საიდანაც დოკუმენტების უდიდესი ნაწილი და რამდენიმე კომპიუტერი ამოიღო. ყურადღება მაშინვე მიიქცია იმან, რომ ჩხრეკა კანონის დარღვევებით ჩატარდა: პროკურატურას დოკუმენტები პროტოკოლის გათვალისწინებით კი არ დაუხარისხებია და დაულუქავს, არამედ ყველაფერი ერთ ტომარაში მოათავსა. დაკეტეს ოფისის კარიც. ასე რომ, მასში დარჩენილი დოკუმენტებისა და კომპიუტერების გამოყენება დაცვის მხარისთვის შეუძლებელია.
ადვოკატები ამბობენ, რომ ამ დოკუმენტების არქონის გამო სასამართლოში ალიევს სათანადოდ ვერ იცავენ. თუმცა ამ სიტუაციიდან გამოსავალი თითქმის არ არსებობს, რადგან მოსამართლე დაცვის მხარისგან საჭირო დოკუმენტების ზუსტ დასახელებებს ითხოვს. ადვოკატები კი ამბობენ, რომ დოკუმენტების ნახვის გარეშე მათი ზუსტი სახელწოდება ვერ ეცოდინებათ.
აღნიშნული შუამდგომლობის განხილვა ინტიგამ ალიევსა და მოსამართლე რასიმ სადიხოვის ხმამაღალი საუბრის ფონზე მიმდინარეობდა.
ალიევის ინფორმაციით, იმ დოკუმენტებს შორის ევროსასამართლოს გადაწყვეტილებები და პოლიტპატიმრების შესახებ შეტანილი სარჩელებია. ბრალდებული აცხადებს, რომ პროკურატურიდან მათ ისეთი დოკუმენტები მიიღეს, რომელიც მის საქმესთან კავშირში არ არის; ამ დოკუმენტებით ადვოკატები მის სათანადოდ დაცვას ვერ შეძლებენ.
“ყველაფერი იმას ამტკიცებს, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომლის მიზანიც ჩემი დაპატიმრებაა. ეს რომ ასეა, ამას შუამდგლომლობებზე სასამართლოს უარიც ამტკიცებს”, - ამ სიტყვებით ინტიგამ ალიევმა მოსამართლეს მიმართა. ბრალდებულის სიტყვებს რეალურს ხდის პროკურორის განცხადება, რომლის თანახმადაც, მან არ იცის, რა მასალებია ტომარაში. თუმცა ამ დოკუმენტების წაღების მიზანი ხომ სწორედ მათი გამოკვლევა იყო.
იმის გამო, რომ დაცვის მხარეს პროკურატურაში არსებულ დოკუმენტებზე ხელი არ მიუწვდება, ადვოკატები გრანტების შესახებ დოკუმენტების გამოთხოვას იუსტიციის სამინისტროდან ითხოვენ. აზერბაიჯანულ კანონმდებლობაში 2013 წელს შესული ცვლილებების თანახმად, დონორებიდან მიღებული ყველა გრანტი იუსტიციის სამინისტროში უნდა დარეგისტრირდეს.
ადვოკატების განმარტებით, ბანკიდან ინფორმაციის გამოთხოვა შედარებით ადვილია. შესაბამისად, ისინი სასამართლოსგან ალიევის ორგანიზაციის მიერ განხორციელებული საბანკო ოპერაციების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვასაც ითხოვენ.
“რატომ მიზღუდავთ კანონით გათვალისწინებული დაცვის უფლებას?”- განაცხადა ალიევმა.
პროკურორი შუამდგომლობის უარყოფას ითხოვს და აცხადებს, რომ გამოძიებას დოკუმენტების რამდენიმე წლით დატოვების უფლება აქვს. მისთვის გაუგებარია, რატომ არ ახსოვს ბრალდებულს ინფორმაცია საბანკო ტრანზაქციების შესახებ, თუკი ისინი მართლა განახორციელა.
მოსამართლემ პროკურორის მოსაზრება გაიზიარა და აღნიშნული შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა.
საქმის განხილვა მოწმის, ავსანა ორუჯოვას დაკითხვით გაგრძელდა. მის გამოსვლას დარბაზში არეულობა მოჰყვა. ორუჯოვა ერთ-ერთი დაზარალებულის დაა. ინტიგამის ორგანიზაციაში მუშაობაც სწორედ დის შეთავაზებით დაიწყო. მას, ძირითადად, ადმინისტრაციული საქმეები ევალებოდა. ამბობს, რომ ინტიგამს პირადად არ იცნობდა და დავალებებს მისი დისგან იღებდა. ერთი მხრივ, ორუჯოვა აცხადებდა, რომ მან საბანკო ოპერაცია რამდენჯერმე განახორციელა, თუმცა, მეორე მხრივ, ის ამბობდა, რომ ამ საბანკო ოპერაციებზე არაფერი იცის და თუ რამე შეკითხვა არსებობდა, მისი დისთვის მიემართათ. მან თქვა, რომ საბანკო ტრანზაქციებისა და საგადასახადო დოკუმენტების დარეგისტრირების შესახებ არაფერი ახსოვს, რასაც მოსამართლისა და დარბაზში მსხდომი საზოგადოების სიცილი მოჰყვა.
საქმის განხილვისას დარბაზში ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. შელაპარაკებები იყო როგორც ინტიგამ ალიევსა და მოსამართლეს, ასევე მოწმესა და დარბაზში მყოფ საზოგადოებას შორის.
ვითარება კიდევ უფრო მას შემდეგ დაიძაბა, რაც ავსანა ორუჯოვას დამ დარბაზიდან ხალხის გასვლა მოითხოვა. მისი თქმით, ის მათ აგრესიას გრძნობდა. დარბაზში მყოფ საზოგადოებასა და დაზარალებულს შორის შელაპარაკებებს დაცვისა და დაზარალებულის ადვოკატებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. ვითარების განმუხტვა მოსამართლის მრავალჯერადმა ხმამაღალმა შენიშვნებმაც ვერ შეძლო. რასიმ სადიხოვი იძულებული გახდა, სასამართლო პროცესი 17 მარტისთვის გადაედო.
შეგახსენებთ, რომ 52 წლის აზერბაიჯანელი უფლებადამცველი ინტიგამ ალიევი პროკურატურამ 2014 წლის 8 აგვისტოს დააკავა.
პროკურატურის მიერ დაკავებული უფლებადამცველებისთვის წაყენებული ბრალდებები თითქმის ერთნაირია. ინტიგამ ალიევს ძალაუფლების გადამეტება, სხვისი ქონების მისაკუთრება, არალეგალური ბიზნესსაქმიანობა და გადასახადებისგან თავის არიდება ედება ბრალად.
ინტიგამ ალიევი 1999 წელს დაარსებული არასამთავრობო ორგანიზაციის, "Legal Education Society"-ს თავმჯდომარეა. მას ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს. მისი ორგანიზაციის მუშაობის ძირითადი მიმართულებები იურისტთა და ჟურნალისტთა პროფესიული განვითარება, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ევროკომისარს შორის ურთიერთობის ხელშეწყობა იყო.
ინტიგამ ალიევმა ევროსასამართლოში 300-ზე მეტი საქმე გაგზავნა. აქედან 30-მდე საქმეში სასამართლომ კონვენციის დარღვევის ფაქტები აღმოაჩინა.
დაკავებიდან 4 დღის შემედგ, 12 აგვისტოს საერთაშორისო ორგანიზაცია “Amnesty International”-მა აზერბაიჯანელი უფლებამდაცველი “სინდისის პატიმრად” ცნო.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ინტიგამ ალიევს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება.
კალენდარი
არქივი
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|