უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი


ძებნა საიტზე
წინ
უცხოელთათვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებული პრობლემები
[08.12.2015]
ნინო ტუღუში

4 დეკემბერს ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლებმა უცხოელთათვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებულ პრობლემებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართეს. პრესკონფერენციაზე აზერბაიჯანიდან პოლიტიკური მოტივებით დევნილი დაშგინ აღარლალისა და ინგუშეთიდან რუსეთის ფედერაციის მიერ დევნილი ადამ ესმურზიევის საქმეები განიხილეს.

„მიგვაჩნია, რომ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს პოლიტიკა უცხოელ მოქალაქეებთან დაკავშირებით უნდა შეიცვალოს, რადგან არ არის სათანადოდ განმარტებული და დასაბუთებული ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის არმინიჭების მიზეზები“-აღნიშნა ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალეკო ცქიტიშვილმა.

დაშინგ აღარარლი აზერბაიჯანის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის „მუსავათის“ წევრია, რომელიც, პოლიტიკური შეხედულებების გამო, წლების განმავლობაში იდევნებოდა აზერბაიჯანის ხელისუფლებისაგან. 2013 წელს აღარარლის აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ბრალად დასდო გადასახადების გადახდისაგან თავის არიდება,მაშინ როცა, იგი საერთოდ არ იყო დასაქმებული კერძო სექტორში. 2014 წელს კი პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნის მიზნით დაშგინ აღარარლი თურქეთიდან საქართველოში შენოვიდა, სადაც იგი დააკავეს.

 „2014 წლის მარტში დაშგინ აღარარლიმ განცხადებით მიმართა საქართველოს ლტოლვილთა სამინისტროს და მოითხოვა მისთვის და მისი შვილისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭება. 2015 წლის 30 ოქტმობრის გადაწყვეტილებით, დაშგინ აღარარლის  და მის ვაჟს უკანონოდ, გაურკვეველი მიზეზით, უარი ეთქვათ ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე. დოკუმენტში წერია, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დაბრუნების შემთხვევაში, დაშგინ აღარარლის ემუქრება საფრთხე და ის შეიძლება, გახდეს ძალადობის და დევნის მსხვერპლი. მაგრამ ამის  მიუხედავად, ლტოლვილთა სამინისტროს მიზანშეუწონლად მიაჩნია მისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭება. ჩვენთვის დღემდე უცნობია ის მიზეზები, რომლებიც საფუძვლად დაედო უარის გადაწყვეტილებას. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ლტოლვილთა სამინისტროს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისთვის აქვს 6 თვიანი ვადა, მაგრამ შესაძლებელია, 3 თვით გახანგრძლივდეს აღნიშნული ვადა, თუ სამინისტრო დაასაბუთებს, რატომ ვერ შეძლო გადაწყვეტილების მიღება 6 თვეში. დაშგინ აღარარლისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების პროცესი 2 წელია მიმდინარეობს“, - განაცხადა აღარარლის ადვოკატმა, თამარ ავალიანმა.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურიდიული სამსახურის უფროსის, თამარ ავალიანის თქმით, იგივე გაურკვევლობაა ადამ ესმურზიევის საქმეშიც. ესმურზიევი რუსეთის მოქალაქე, ეთნიკურად ინგუშია. 90-იან წლებში  რუსეთ-ჩეჩნეთის ომში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა. ომის შემდეგ იგი ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობდა. 

„2010 წელს ადამ ესმურზიევი საქართველოში ჩამოვიდა და მართლმადიდებლად მოინათლა, რის გამოც იგი ვეღარ დაბრუნდება ინგუშეთში, რადგან ეს მისთვის საფრთხის შემცველია, ამასთან, იგი ვერც რუსეთის საზღვრებს გადაკვეთს, რადგან რუსეთ-ჩეჩნეთის ომის მონაწილეა, ამიტომ მან 2011 წლის 14 ნოემბერს, ლტოლვილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით, განცხადებით მიმართა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, თუმცა მოთხოვნაზე ესმურზიევს უარი ეთქვა. ადამ ესმურზიევმა სამინისტროს პასუხი სასამართლოში გაასაჩივრა. 2013 წლის 13 ნოემბერს საქალაქო სასამართლომ მისი სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა“,- აღნიშნა ესმურზიევის ინტერესების დამცველმა, თამარ ავალიანმა.

2015 წლის 2 სექტემბერს, ლტოლვილთა სამინისტრომ ადამ ესმურზიევს აცნობა, რომ მათ მიზანშეუწონლად მიაჩნიათ მისთვის ლტოლვილის, ასევე ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების საკითხი.

„შესაძლებელია, საქართველოს ხელისუფლებას აზერბაიჯანთან ურთიერთობის გართულება არ უნდა. ურთიერთობების ნორმალიზების პოლიტიკიდან გამომდინარე არ სურს კიდევ დამატებითი პრობლემები შეექმნას რუსეთის ფედერაციასთანაც“, - განაცხადა თამარ ავალიანმა. 

Copyright © 2009 - 2024 | All Rights Reserved