უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი


ძებნა საიტზე
წინ
საქართველოში ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და უკანონოდ შეუშალეს ხელი პროფესიული საქმიანობის შესრულებაში
[27.01.2010]
2010 წლის 22 იანვარს, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ რეგიონალური კორესპონდენტი და რეგიონალური გაზეთის „ქართლის ხმის“ რედაქტორი საბა წიწიკაშვილი შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის დაცვის სამსახურის თანამშრომლების მხრიდან ზეწოლის მსხვერპლი გახდა. დაცვის თანამშრომლებმა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ხელი შეუშალეს მას პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში.

 შემთხვევა მოხდა ჟურნალისტის სამხარეო ადმინისტრაციაში მისვლის შემდეგ სადაც მას დაცვის თანამშრომლებმა გზა გადაუღობეს. მათ საბა წიწიკაშვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ძალის გამოყენებით გამოაძევეს შენობიდან; შესაბამისად, დაცვის თანამშრომლებმა ხელი შეუშალეს ჟურნალისტს განეხორციელებინა მისი პროფესიული საქმიანობა. (აღნიშნული დანაშაულისთავის სასჯელი გათვალისწინებულია სსკ-ის 154-ე მუხლით - ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლა).

ჟურნალისტი აღნიშნულ შემთხვევას უკავშირებს შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში მისი პროფესიული საქმიანობის მიმართ არსებულ მტრულ განწყობილებას და ასევე 2009 წლის 15 დეკემბერს მომხდარ ფაქტს. უფრო კონკრეტულად, იმ დღეს შიდა ქართლის გუბერნატორმა ლადო ვარძელაშვილმა ელჩებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ჩააბარა სამხარეო ადმინისტრაციის მიერ ერთი წლის განმავლობაში ჩატარებული საქმიანობის ანგარიში. პრეზენტაციამდე 10 წუთით ადრე, საბა წიწიკაშვილმა მოწვეულ სტუმრებს დაურიგა მისი სტატიის ასლები, რომელშიც ის წერდა გუბერნატორის მიერ 2009 წელს უკანონოდ აღებული პრემიებისა და სხვადასხვა ფინანსური დახმარებების შესახებ. ამ ფაქტმა ადგილობრივი ხელისუფლების სერიოზული უკმაყოფილება გამოიწვია და ამის შედეგი იყო სწორედ 2010 წლის 22 იანვარი.

ეს არ არის პირველი ფაქტი როცა სამხარეო ადმინისტრაციის ჩინოვნიკები ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ საბა წიწიკაშვილს. 2008 წელს, აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ მას რამდენჯერმე დაემუქრნენ სიკვდილით და შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილემ ზურაბ ჩინჩილაკაშვილმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. 2008 წლის ბოლოს, სიტუაცია კრიტიკული გახდა და ადამიანის უფლებადამცველთა სამხრეთ კავკასიური ქსელის, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციისა  და ადამიანის უფლებათა სახლის ქსელის მხარდაჭერით საბა წიწიკაშვილმა საქართველო დროებით დატოვა.

აღსანიშნავია რომ 22 იანვრის ინციდენტში მონაწილე დაცვის თანამშრომლები 2008 წელსაც იყვნენ მათ შორის, ვინც ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.  ცხადია  წარსული დანაშაულების გამო დაუსჯელობა ახალისებს დამნაშავეებს კვლავ ჩაიდინონ მსგავსი დანაშაული.

პროფესიული საქმიანობის დროს წარმოქმნილი გამოწვევების მიუხედავად ჟურნალისტის სიმამაცისა და მონდომების გამო საბა წიწიკაშვილი ადამიანის უფლებათა სახლის ფონდმა 2009 წლის დეკემბერში წარადგინა ცენზურის ინდექსის ჯილდოზე (ორგანიზაცია ცენზურის ინდექსი  მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად აჯოლდოვებს მამაც ჟურნალისტებს, მწერლებს, იურისტებს, რეჟისორებს და ა.შ. გამოხატვის თავისუფლებაში შეტანილი წვლილის გამო).

უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი მოუწოდებს შიდა ქართლის სამხარეო პროკურატურას:

• სრულყოფილად გამოიძიოს აღნიშნული ფაქტი და დასაჯოს დამნაშავეები კანონის შესაბამისად;
• განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს მსგავს ფაქტებს და მიიღოს ყველა საჭირო ზომა ადამიანის უფლებადამცველებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამო დაუსჯელობის აღსაკვეთად.

ქსელი მოუწოდებს შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციას:

• დაგმოს დაცვის თანამშრომლების მიერ ჩადენილი დანაშაული და მიიღოს ადმინისტრაციული ზომები მათ დასასჯელად
 
ქსელი მოუწოდებს  საერთაშორისო საზოგადოებას:

• მოითხოვოს დაუყოვნებელი და მიუკერძოებელი გამოძიება
• შეახსენოს საქართველოს ხელისუფლებას ადამიანის უფლებდამცველების უფლება განახორციელონ მათი საქმიანობა ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე როგორც ეს გარანტირებულია გაეროს ადამიანის უფლებადამცველების შესახებ დეკლარაციაში.    ნახეთ PDF-ში


Copyright © 2009 - 2024 | All Rights Reserved