უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი


ძებნა საიტზე
წინ
საქართველო: საქართველოს უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება
[01.03.2010]
საქართველოს უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები გმობენ სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის, განსაკუთრებით უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ ბოლო დროს  წარმოებულ საინფორმაციო კამპანიას.

ჩვენ ასევე ვეხმაურებით პრესით გავრცელებულ ინფორმაციას,  სამართლდამცავი ორგანოების მხრიდან „არასამთავრობო სექტორში, ე.წ. ენჯეოებში მოკლათებული აგენტურის“  საქმიანობის შესწავლის  შესახებ  და მიგვაჩნია რომ აღნიშნული ცილისმწამებლური განცხადებები წარმოადგენს უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციისკენ მიმართული  კამპანიის ნაწილს.

უფლებადამცველებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია განსაკუთრებით გაძლიერდა 2009 წ. დეკემბერში.  მედიასაშუალებებმა, რომლებსაც სახელმწიფო აკონტროლებს, ან სხვაგვარად არიან დაკავშირებული სახელისუფლებო წრეებთან, ერთმანეთის მიყოლებით ეთერში გაუშვეს მიკერძოებული სიუჟეტები, სადაც უფლებადამცველები გამოყვანილი იყვნენ  ქვეყნისა და ხალხის მტრებად, რომლებიც საზოგადოებრივი ინტერესის წინააღმდეგ მუშაობენ. აღნიშნულ სიტუაციას წინ უსწრებდა პოლიტიკოსების მიერ უფლებადამცველების მიმართ გამოთქმული კრიტიკული განცხადებები.

 ეს კამპანია დაიწყო 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს. საინფორმაციო კამპანიის პირველი სამიზნეები აღმოჩნდნენ არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი“  (10 დეკემბერს), „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (12 დეკემბერს), სტუდია „რეპორტიორის“ ხელმძღვანელი ვახტანგ კომახიძე, „ინვალიდ მეომართა და დაღუპულ მებრძოლთა მეუღლეთა კავშირის“ თავმჯდომარე, მანანა მებუკე და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი (17 დეკემბერს). მათ შესახებ მსგავსი ხასიათის სიუჟეტები ეთერში გავიდა მოგვიანებითაც;

ღია კრიტიკის ობიექტები ასევე გახდნენ ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, ტომას ჰამარბერგი და საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი (იხ. საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების საერთო განცხადება 2009 წლის დეკემბერში უფლებადამცველთა წინააღმდეგ განხორციელებულ ცილისმწამებლურ კამპანიასთან დაკავშირებით შემდეგ ბმულზე http://www.humanrights.ge/index.php?a=article&id=4561&lang=en).

2010 წლის თებერვალში სტუდია „რეპორტიორის“ ხელმძღვანელს, გამომძიებელ ჟურნალისტს ვახტანგ კომახიძეს  ხელისუფლების წარმომადგენლები დაემუქრნენ, რომ თუკი იგი არ შეწყვეტდა თავის საქმიანობას (კონკრეტულად, ფილმის გადაღებას რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომზე), მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლე საფრთხეში იქნებოდა. ამ მუქარის შემდეგ კომახიძე იძულებული გახდა, პოლიტიკური თავშესაფარი ეთხოვა შვეიცარიაში (არასამთავრობო ორგანიზაციების საერთო განცხადება ვახტანგ კომახიძის დევნა-შევიწროებასთან დაკავშირებით იხილეთ შემდეგ ბმულზე http://www.humanrights.ge/index.php?a=article&id=4693&lang=ge).

სულ ახლახანს, 22 თებერვალს კი გაზეთ „ვერსიაში“ გამოქვეყნდა სტატია სათაურით - „ვინ არის აგენტი კოდური სახელით „შვარციკა“ და რა შიფროგრამები გამოქვეყნდა ინტერნეტ-საიტებზე“.

„ვერსიის“ ინფორმაციით, „კონტრდაზვერვის დეპარტამენტი საქართველოში არსებული აგენტურის გამოვლენით ინტერესდება. მუშაობა ამ მიმართულებით უკვე დაწყებულია და ძირითადი აქცენტი რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაზე კეთდება. მასალები უკვე გროვდება რუსეთის აგენტურულ ქსელზე და კულუარებიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამართლდამცავები განსაკუთრებით არასამთავრობო სექტორში ე.წ.  ენჯეოებში მოკლათებულ აგენტურას შეისწავლიან. სწორედ ეს ყოფილა ერთ-ერთი მთავარი გასახილველი საკითხი პარლამენტის უშიშროებისა და თავდაცვის კომიტეტში დახურულ სხდომაზე.  დაზვერვის დაფინანსების გაზრდის საკითხები გივი თარგამაძის კომიტეტმა სწორედ ამ დღეებში განიხილა“.

ამ შესავლის შემდეგ სტატიაში კონკრეტულად საუბარია „მრავალეროვანი საქართველოს“ დამფუძნებელ არნოლდ სტეფანიანზე და მოყვანილია  რუსულ ინტერნეტ-ფორუმზე გაურკვეველი პირის მიერ გამოქვეყნებული, თითქოსდა 1993 წლით დათარიღებული დოკუმენტები რუსეთის ფედერაციის უშიშროების სამსახურის მიერ სტეფანიანის გადაბირების შესახებ და ამ უკანასკნელის მიერ ვითომდა გადაცემული ე.წ. შიფროგრამები.

აღსანიშნავია, რომ 2009 წლის განმავლობაში არნოლდ სტეპანიანმა არაერთხელ განაცხადა ხელისუფლების მხრიდან მასზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ და არაერთხელ აღნიშნა ისიც, რომ ემუქრებოდნენ, თუკი იგი თავის საქმიანობას არ შეწყვეტდა, მას უცხო ქვეყნის აგენტობას დააბრალებდენ.

აღნიშვნის ღირსია ისიც, რომ აგენტობის ბრალდებით საქართველოში არაერთი ადამიანი იხდის სასჯელს, რომელთა დანაშაულებრივი ქმედებების ნამდვილობა დღემდე კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება. მათ შორისაა ექსპერტი ვახტანგ მაისაია, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს უნივერსიტეტის შენობაში ე. წ. მუხროვანის ამბოხის დღეს, 2009 წლის 5 მაისს დააკავეს. მაისაიას უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა დასდეს ბრალად და სასამართლომ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. თუმცა კი, მთელი რიგი მტკიცებულებები საეჭვო ხასიათს ატარებდა და მათი მოპოვება და სასამართლოს წინაშე წარდგენა კანონდარღვევით განხორციელდა.

ვშიშობთ, რომ დეკემბერში დაწყებული უარყოფითი საინფორმაციო კამპანია, გაზეთ „ვერსიაში“ გამოქვეყნებული ზემოაღნიშნული სტატია და მასში მითითებული შეხვედრა პარლამენტში, თუკი იგი მართლაც შედგა, შესაძლებელია „კუდიანებზე ნადირობის“ დაწყებას მოასწავებდეს, რომლის მსხვერპლიც გახდებიან არასამთავრობო ორგანიზაციები, უფლებადამცველები და განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანები, რომლებიც თავიანთ კრიტიკულ მოსაზრებებს სახელისუფლებო პოლიტიკის შესახებ ღიად დააფიქსირებენ.

ქვემორე ხელისმომწერი ორგანიზაციები  მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას:

• საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და კანონების სრული დაცვით მოახდინოს გაზეთ „ვერსიაში“ გამოქვეყნებული ინფორმაციის სწრაფი შესწავლა და უზრუნველყოს შედეგების სრული გამჭვირვალობა;

• არ დაუშვან არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უფლებადამცველებისათვის გაერთიანების, შეკრების, სიტყვის, გადაადგილების, სამართლიანი სასამართლოსა და სხვა ფუნდამენტური უფლებების შელახვა.

პარლამენტის უშიშროებისა და თავდაცვის კომიტეტს:

• გააკეთონ ოფიციალური, საჯარო განცხადება და განმარტონ, მართლაც გაიმართა თუ არა კომიტეტის სხდომაზე მსჯელობა „ვერსიაში“ გამოქვეყნებულ სტატიაში მოყვანილ საკითხზე.

მედია საშუალებებს:

• განუხრელად დაიცვან პროფესიული ეთიკის სტანდარტები; პატივი სცენ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ პიროვნების პატივისა და ღირსების ხელშეუვალობას.

• თავიანთი საქმიანობის განხორციელებისას თავი შეიკავონ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შელახვისაგან.

საქართველოს სახალხო დამცველს:

• განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდოს  არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უფლებადამცველების წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიულ საინფორმაციო კამპანიას;
 
• თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მოახდინოს რეაგირება აღნიშნულ კამპანიაზე;

ქვემორეხელისმომწერი ორგანიზაციები მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებს:

• განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უფლებადამცველების წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიული საინფორმაციო კამპანიის მიმართ.


განცხადებაზე ხელს აწერენ არასამთავრობო ორგანიზაციები:

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
ადამიანის უფლებათა ცენტრი
კონსტიტუციის 42-ე მუხლი
კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი
21-ე საუკუნე
კანონი ხალხისათვის
მრავალეროვანი საქართველო
თანასწორობის ინსტიტუტი
ჯანმრთელი სამყარო
სამოქალაქო ფორუმი
ქალები საუნივერსიტეტო განათლებით
საქართველოს ადვოკატთა პროფკავშირები
სახალხო დიპლომატიის კავკასიური ცენტრი
თავისუფალი გაანვიტარებებისა და უფლებების დაცვის ასოციაცია
დემოკრატიის ინსტიტუტი
ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის
საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია
კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ქსელი
 
განცხადებაზე ხელმოწერა შეუძლია ნებისმიერ ორგანიზაციას, ვინც იზიარებს მასში გამოთქმულ პოზიციებს. დაგვიკავშირდით, ტელ.: 38 46 48; 38 46 50. იხილეთ PDF-ში.
Copyright © 2009 - 2024 | All Rights Reserved