უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი


ძებნა საიტზე
წინ
დაკავებული უფლებადამცველების მხარდამჭერი აქცია აზერბაიჯანის საელჩოსთან
[03.11.2014]
 
ნინო ახობაძე
20.10.2014

სამოქალაქო აქტივისტებმა აზერბაიჯანში დაპატიმრებული უფლებადაცმველების და ჟურნალისტების მხარდასაჭერად აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები სიმბოლურად ჰეიდარ ალიევის სკვერში შეიკრიბნენ შემდეგ კი, მდუმარე მარშით აზერბაიჯანის საელჩოს წინ გადაინაცვლეს. 
 
საელჩოს წინ, აქციის მიმდინარეობისას აზერბაიჯანის საელჩოს წარმომადგენელმა, აქციის ორგანიზატორთან შეხვედრა მოითხოვა:  „ შევხვდით აზერბაიჯანის საელჩოს წარმომადგენელს, გადავეცით მიმართვა, სადაც ვთხოვთ, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ გაათავისუფლოს უკანონოდ დაკავებული უფლებადამცველები და ზოგადად, ქვეყანაში მიეცეთ უფლებადამცველებს საშუალება თავისუფლად იმუშაონ. საელჩო დაინტერესდა იმით, თუ ვინ ვიყავით აქციის ორგანიზატორები, კონკრეტულად რომელი ორგანიზაციები,  უშუალოდ სახელები და გვარები მოითხოვეს, თუ ვინ იყო ჩართული ამ აქციაში. ცხადია გვარები არ მითქვამს და აღვნიშნე, რომ ეს არის მთლიანად საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მიერ ორგანიზებული აქცია, ასევე რამდენიმე ორგანიზაცია, რომლებიც აქციაზეა წარმოდგენილი, დავასახელე. მათი პასუხი იყო, მდგოაეობა არ არის ისე ცუდად, როგორც თქვენ გგონიათ, აზერბაიჯანში დემოკრატიის ხარისხი საკმაოდ მაღალიაო,“- ნინო ღვედაშვილი, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის კოორდინატორი. 

აქციის ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ აზერბაიჯანში, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, უფლებადამცველების მიმართ  უპრეცენდენტო სადამსჯელო ღონისძიებები განხორციელდა, რაც გამოიხატა იმაში, რომ თითქმის ერთნაირი ბრალდებების საფუძველზე დააკავეს 4 უფლებადამცველი, რომლებიც აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ განსაკუთრებული კრიტიკით გამოირჩეოდნენ.

დაკავებულთა შორის არიან: პოლიპატიმრების უფლებების აქტიური დამცველი რასულ ჯაფაროვი, მშვიდობისა და დემოკრატიის ინსტიტუტის დირექტორი და წამების წინააღმდეგ მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური ანსამბლეის წევრი ლეილა იანუსი, მისი მეუღლე მშვიდობისა და დემოკრატიის ინსტიტუტის კონფლიქტოლოგიის დეპარტამენტის თავმჯდომარე არიფ იანუსი და იურიდიული განათლების საზოგადოების ხელმძღვანელი ინტიგამ ალიევი.

აღნიშული უფლებადამცველები იმავე ბრალდებებით არიან დაკავებულნი, რომლებიც თავის დროზე წაუყენეს საარჩევნო მონიტორინგისა და დემოკრატიის სწავლების ცენტრის თავმჯდომარეს ანარ მამადლის და ამავე ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორს ბაშირ სულეიმანს. დაკავებულ უფლებადამცველებს  ბრალად ედებათ გადასახადების თავიდან არიდება, უკანონო ბიზნესის ქონა, ძალაუფლების ბოროტად გამოყენება და სამშობლოს ღალატი. აზერბაიჯანის პოლიციამ ასევე გაჩხრიკა „რეპორტიორთა თავისუფლებისა და უსაფრთხოების ინსტიტუტის“ ოფისი და მოახდინა აღჭურვილობისა და დოკუმენტების კონფისკაცია. როგორც ადამიანის უფლებათა სახლის წარმომადენლები აღნიშნავენ, ორგანიზაციის თავჯდომარე, ემინ ჰუსეინოვიც დაკავების საფრთხის წინაშე დგას.

ნინო ელბაქიძე, ადამიანის უფლებათა სახლის გამგეობის თავმჯდომარე: „ადამიანის უფლებათა სახლი ეხმიანება იმ მოვლენებს, რაც აზერბაიჯანში განვითარდა უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში. ადგილი აქვს არაერთი უფლებადამცველის დაკავებას. ეს ადამიანები სხვადასხვა ბრალდებებით არიან დაკავებულები,სამშობლოს ღალატი, უკანონო ბიზნესი და ა.შ,  თუმცა რეალურად მათი დაკავება დაკავშირებულია მათ საქმიანობასთან. ამიტომ ადამიანის უფლებათა სახლი მიმართავს აზერბაიჯანის ხელისუფლებას და თხოვს რომ უმოკლეს ვადებში მოხდეს ამ ადამიანების განთავისუფლება და შეწყდეს მათ მიმართ განხორციელებული რეპრესიები. აზერბაიჯანი დღეისათვის არის ევროპის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე სახელმწიფო, თუმცა ამას არსებითი გავლენა არ მოუხდენია მის ქმედებებზე და ის დღემდე ლახავს  ადამიანების უფლებებს.“

ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, ალეკო ცქიტიშვილი:  „როცა ხელისუფლება აპატიმრებს უფლებადამცველებს, ეს უკვე ძალიან შემაშფოთებელი ტენდენციაა. ბოლო თვეების მანძილზე რამდენიმე სინდისის პატიმარი ჰყავთ დაკავებული. ისენი არიან  წამყვანი უფლებადამცველები აზერბაიჯანში და ჩვენ მოვითხოვთ სასწრაფოდ გაათავისუფლოს ეს ადამიანები აზერბაიჯანის ხელისუფლებამ. ამავე დროს, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ევროპის საბჭო უნდა ჩაერიოს და ზეწოლა მოახდინოს ხელისუფლებაზე, რადგან სირცხვილია, რომ ევროპის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანას ჰყავს პოლიტპატიმრები.“

აქციის მონაწილეები მოუწოდებენ აზერბაიჯანის ხელისუფლებას, შეწყვიტოს მიმდინარე რეპრესიები სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებზე. დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს უკანონო პატიმრობაში მყოფი უფლებადამცველები, შეწყვიტოს უფლებადამცველთა დევნა და შევიწროება და უზრუნველყოს აზერბაიჯანში მათი ლეგიტიმური საქმიანობის განხორციელება ყოველგვარი დაბრკოლების, დაშინებისა და რეპრესიების გარეშე.


კალენდარი

არქივი

ოქტომბერი 2024
 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31    

გამოკითხვა

Copyright © 2009 - 2024 | All Rights Reserved