უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი


ძებნა საიტზე
წინ
„უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელის“ განცხადება მართლმსაჯულების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით
[17.07.2009]
2009 წლის 17 ივლისი

2009 წლის 17 ივლისს „უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიურმა ქსელმა“, „ადამიანის უფლებათა სახლის ფონდმა“ და  „კოალიციამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის“ საქართველოში, კერძოდ კი, ბაზალეთში ქსელის რეგიონულ შეხვედრაზე მართლმსაჯულების საერთაშორისო დღე აღნიშნა.

დღეს აღინიშნება რომის სტატუტის მიღების მეთერთმეტე წლისთავი; ეს არის დოკუმენტი, რომლითაც 1998 წლის 17 ივლისს, დაფუძნდა სისხლის სამართლის  საერთაშორისო სასამართლო. 1948 წელს გაეროს ქარტიის მიღების შემდეგ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შექმნა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და წინგადადგმული ნაბიჯი იყო საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებების სფეროში. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს აქვს უზარმაზარი პოტენციალი ყველაზე საზარელი დანაშაულების ჩამდენების გასამართლებით შეაკავოს მსგავსი დანაშაულების ჩადენა მომავალში. საზარელ დანაშაულებს შორისაა კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები, ომის დანაშაულები, გენოციდი და აგრესიის დანაშაული“, - განაცხადა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელმა დირექტორმა უჩა ნანუაშვილმა.

„უფლებადაცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი“ აღნიშნავს, რომ  დღევანდელი მდგომარეობით სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც რომის სტატუტის რატიფიკაცია და მისი ეროვნულ დონეზე იმპლემენტაცია მოახდინა. „რომის კონფერენციაზე, სადაც დაფუძნდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, სომხეთისა და აზერბაიჯანის დელეგაციების მიერ გაწეული ძალისხმევისა და სასამართლოს ჩამოყალიბების პროცესში შეტანილი წვლილის მიუხედავად, არცერთი ეს ქვეყანა რომის სტატუტს ჯერ არ შეერთებია“, - განაცხადეს 20 ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. „ჩვენ მივმართავთ სომხეთისა და აზერბაიჯანის მთავრობებს რაც შეიძლება მალე შეუერთდნენ რომის სტატუტს, რითაც გააძლიერებენ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს და მეტ უფლებამოსილებას მიანიჭებენ სასამართლოს საკუთარი ფუნქციების შესასრულებლად“.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო საქმეს განიხილავს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეროვნულ სასამართლოებს არ შეუძლიათ ან არ სურთ საქმის გამოძიება და დამნაშავის დასჯა.
გასული წლის აგვისტოში, საქართველო-რუსეთის ომის შემდეგ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა საჯაროდ განაცხადა, რომ მისი ოფისი განახორციელებდა მონიტორინგს იმ ინფორმაციაზე, რომელიც კონფლიქტის დროს სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულებებს ეხებოდა და  სასამართლოს კომპეტენციაში შედიოდა. საქართველო, როგორც რომის სტატუტის ხელშემკვრელი მხარე, ვალდებულია საკუთარ ტერიტორიაზე ჩადენილი ადამიანის უფლებათა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევები გამოიძიოს და დამნაშავეები დასაჯოს.

„უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი“  წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტიდან ერთი წლის შემდეგაც კი, უფლებამოსილ ორგანოებს არც ადგილობრივ და არც საერთაშორისო დონეზე არ დაუწყიათ ომის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიება, რის გამოც, დამნაშავეები კვლავ დაუსჯელები არიან, ხოლო დანაშაულების მსხვერპლთათვის სამართლიანობისა და უფლებების აღდგენა არ მომხდარა. „უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი“ მოუწოდებს კომპეტენტურ ეროვნულ და საერთაშორისო ორგანოებს ბოლო მოუღონ უსამართლობას და დაიწყონ აგვისტოს კონფლიქტის დროს ჩადენილი დარღვევების საფუძვლიანი გამოძიება.
 
„უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი“ ხაზს უსვამს ადამიანის უფლებათა დამცველების როლს ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების გამოაშკარავებაში და აგრძელებს ომის დანაშაულების, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისა და გენოციდის ფაქტების დოკუმენტირებასა და შესაბამისი ორგანოებისთვის, მათ შორის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის მიწოდებას. დასასრულს, მოვუწოდებთ ყველა შესაბამის მთავრობას დანაშაულების ადგილებზე მისვლა შესაძლებელი გახადონ, რათა საერთაშორისო და ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეძლონ საკუთარი მანდატის განხორციელება.

„უფლებადაცველთა სამხრეთკავკასიური ქსელის“ წევრი ორგანიზაციები არიან:

აზერბაიჯანი

„რეპორტიორების თავისუფლებისა და უსაფრთხოების ინსტიტუტი“
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“  
„სტუდენტთა საერთაშორისო თანამშრომლობა“
„საზოგადოებრივი ასოციაცია თავისუფალი ეკონომიკის ხელშეწყობისათვის“
„ალიევას სახელობის ქალთა უფლებების დაცვის ასოციაცია“
„დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა რესურს ცენტრის საზოგადოებრივი გაერთიანება (სუნგაითი)“
„იურიდიული განათლების საზოგადოება“
„ჰუმანიტარული კვლევების საზოგადოება“
„მშვიდობისა და დემოკრატიის ინსტიტუტი“
„მედია უფლებების ინსტიტუტი“
„არჩევნების მონიტორინგისა და განათლების ცენტრი“

საქართველო

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ (HRIDC)
„კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი“
„ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი“ (AVNG)
„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“
„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“
„მრავალეროვანი საქართველო“
„ინკლუზივი“
„საქართველოს წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი“
სტუდია „რეპორტიორი“
„კონფლიქტისა და ადამიანის უფლებების კავკასიური ცენტრი“

სომხეთი

„სომხეთის ჰელსინკის ასოციაცია“
„ჰელსინკის ასამბლეა“, ვანადზორი
„სოციოსკოპი“
„დემოკრატია დღეს“
„სომხეთის ჰელსინკის ასამბლეა“, ერევანი
„იურისტები წამების წინააღმდეგ“
„საჯარო ინფორმაცია და ცოდნის საჭიროება“ (PINK)
„სომხეთის ქალთა რესურს ცენტრი“
„ვერნატუნი - პოლიტპატიმრების ცოლები“
„ასპარეზი“, ჟურნალისტთა კლუბი, გიუმრის რეგიონი
ნახეთ სრული ტექსტი PDF-ში


Copyright © 2009 - 2024 | All Rights Reserved