უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი


ძებნა საიტზე
წინ
„უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელის“სპეციალური მიმართვა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით
[10.12.2009]
2009 წლის 10 დეკემბერი

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღეს - 10 დეკემბერს, „უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელის“ წევრები  თავისუფლების, თანასწორობისა და სამართლიანობისთვის ბრძოლაში მიღწეულ წარმატებებს აღნიშნავენ. თუმცა, აქვე მწუხარებით აღიარებენ, რომ სამხრეთ კავკასია მსოფლიოს იმ ნაწილად რჩება, სადაც სხვათა უფლებებისა და სიცოცხლის დამცველები საკუთარი წარმატების მსხვერპლნი ხდებიან - ხშირად ადამიანის უფლებებისთვის არაძალადობრივი ბრძოლის პასუხად, სახელმწიფო უფლებადამცველების მიმართ სხვდასხვა სახის ძალადობრივ და რეპრესიეულ ზომებს მიმართავს.

სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში 2009 წელს ისევე როგორც წინა წლებში უფლებადამცველებს და ამ ქვეყნების სხვა უბრალო მოქალაქეებსაც ემუქრებოდნენ, აწამებდნენ, არასათანადოდ ეპყრობოდნენ, უკანონოდ აკავებდნენ/აპატიმრებდნენ. მათ წინააღმდეგ იმართებოდა არასამართლიანი სასამართლო განხილვები, ცილისწამების კამპანიები.  შევიწროვება ხდებოდა ასევე სხვა ფორმებითაც. აღნიშნულ რეგიონში  უფლებადამცველთა და უბრალო მოქალაქეთა მიმართ ჩადენილი ძალადობის დაუსჯელობა ფართოდ არის გავრცელებული.

2009 წელს სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მთავრობები, სხვადასხვა საკანონმდებლო ინიციატივებით, ცდილობდნენ, შეეზღუდათ უფლებადამცველებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა და გაემკაცრებინათ მათზე კონტროლი, რასაც გარკვეულწილად ახერხებდნენ კიდეც.

აზერბაიჯანი   

ივნისში აზერბაიჯანის პარლამენტში წარდგენილ იქნა „არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები. საერთაშორისო ორგანიზაციების ზეწოლით მთავრობამ ვერ შეძლო კანონში ყველა ინიცირებული ცვლილების შეტანა. თუმცა მასში ზოგიერთი ისეთი ცვლილება მაინც შევიდა, რომელიც ზღუდავს და ართულებს არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნისა და მუშაობის პროცესს. 

მაგალითად  კანონის ამჟამინდელი რედაქციით, არასამთავრობო ორგანიზაციამ ყოველი წლის არაუგვიანეს 1 აპრილისა სახელმწიფოს უნდა წარუდგინოს ფინანსური ანგარიში. ამ ვადის გადაცილების შემთხვევაში აღმასრულებელი ორგანო არასამთავრობო ორგანიზაციას უგზავნის წერილობით შეტყობინებას ანგარიშის მოწოდების მოთხოვნით. თუ ამის შემდეგაც არ წარადგენს არასამთავრობო ორგანიზაცია ანგარიშს, მას დაეკისრება პასუხისმგებლობა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად. ანგარიშის ფორმას, ტექსტს და დროის დადგენილ პერიოდში ანგარიშის წარდგენის წესებს განსაზღვრავს შესაბამისი აღმასრულებელი ორგანო.

საქართველო

საქართველოში მიღებულ  იქნა საკანონმდებლო ცვლილებები, რითაც იზღუდება ადამიანის უფლებები, კერძოდ: 1)  „კანონში შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ შეტანილ იქნა ცვლილებები, რაც უფლებას აძლევს სახელმწიფოს ჩაერიოს მშვიდობიან შეკრებებსა და მანიფესტაციებში მაშინაც კი, როდესაც სინამდვილეში ამ შეკრებებითა და მანიფესტაციებით სხვათა უფლებებსა და თავისუფლებებს არ ექმნება საფრთხე და/ან არ არის საჭირო სხვა უფრო მაღალი ღირებულების საზოგადოებრივი სიკეთის დაცვა. 2) ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა 30-დან 90 დღემდე გაიზარდა. ადმინისტრაციული პატიმრობის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება გახდეს მცირე ხულიგნობა, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და მოქალაქეთა სიმშვიდეს. ეს კი კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანების გასაჩუმებლად ძალის ბოროტად გამოყენების საშუალებას იძლევა.

ასევე შეშფოთებას იწვევს ,,პოლიციის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები და პარლამენტში განსახილველად წარდგენილი კანონპროექტი, რომელიც აშშ-ს „პატრიოტის აქტის“ მსგავსი დოკუმენტია. თუ ეს კანონები არსებული სახით ძალაში შევა, აღმასრულებელი ხელისუფლებისგან მნიშვნელოვნად შეიზღუდება სამოქალაქო თავისუფლებები. 

სომხეთი

სომხეთის პარლამენტში ამჟამად განიხილება საკანომდებლო ცვლილებები, რომლებიც მკაცრ სამთავრობო კონტროლს აწესებს არასამთავრობო ორგანიზაციებზე. მაგალითად, ცვლილებების თანახმად, არასამთავრობო ორგანიზაციამ უნდა გამართოს გენერალური ასამბლეები ყოველ 4 წელიწადში ერთხელ; იუსტიციის სამინისტროს და საგადასახადო სამსახურს ყოველწლიურად წარუდგინოს 11-პუნქტიანი ანგარიში, მათ შორის ფინანსური; გასცეს ინფორმაცია ორგანიზაციის ხელმძღვანელისა და ყველა თანამშრომლის შესახებ და ა.შ.

ეს ფაქტები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმით გამოწვეული შედეგები კონკრეტული ქვეყნის ფარგლებს სცილდება და ასახვას ჰპოვებს რეგიონში. 

სამივე ქვეყანაში მსხვერპლის კრიმინალად გადაქცევის საშიში ტენდენცია  ძალას იკრებს - ისჯება ის, ვინც დარღვევებს ააშკარავებს და არა ის, ვინც ამ დარღვევებს სჩადის.

ამ ტენდენციის დამადასტურებელი რამდენიმე მაგალითი:

სომხეთში ადამიანის უფლებათა დამცველ მარიამ სუხუდიანს ბრალი წაუყენეს ცრუ ბრალდებისთვის, მოგვიანებით კი, ცილისწამებისათვის იმ ვიდეოჩანაწერის გამო, რომლითაც მარიამ სუხუდიანი ააშკარავებდა სომხეთის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებლის მიერ სკოლის მოსწავლეებზე განხორციელებულ სექსუალურ ძალადობას.

აზერბაიჯანში ცნობილ უფლებადამცველს და „იურიდიული განათლების საზოგადოების“ თავმჯდომარეს ინტიგამ ალიევს და საზოგადოების ადვოკატს ნურლანა ალიევას სამოქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და პატიმრობა ემუქრებათ. სასამართლომ მათ დიდი ჯარიმა და ,,მოსამართლის პატივისა და ღირსების” შელახვის გამო საჯაროდ ბოდიშის მოხდა დააკისრა. საქმე ეხება მათ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს, სადაც გაანალიზებულია მოსამართლეების დისციპლინარული პასუხისმგებლობის მარეგულირებელი კანონმდებლობა და ამ კანონმდებლობის გამოყენების პრაქტიკა. ანგარიში ააშკარავებს სასამართლოში არსებული ნაკლოვანებებს, მათ შორის, მიუკერძოებლობასა და დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ პრობლემებს. 

23 ნოემბერს საქართველოში დაჩი ცაგურია, ჯაბა ჯიშკარიანი და ირაკლი კორძაია - მოძრაობა „7 ნოემბერის“ აქტივისტები - დააკავეს. იმავე დღეს ადმინისტრაციულმა სასამართლომ ისინი  საქართველოს პარლამენტის შენობიდან 25-30 მეტრის მოშორებით აქციის გამართვისთვის დააჯარიმა მაშინ, როცა „კანონი შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კრძალავს აქციის ჩატარებას ადმინისტრაციული შენობიდან მხოლოდ ოცი მეტრის რადიუსში. ახალგაზრდა აქტივისტები პარლამენტის წინ ტროტუარის საფეხურზე ისხდნენ. მათ ხელში ეკავათ პოლიციელების მიერ მოკლული ამირან რობაქიძისა და სანდრო გვირგვლიანის სურათები და პოსტერი წარწერით: „საზოგადოებრივი ტელევიზია ხალხს!“

სიტყვისა და მედიის თავისუფლების თვალსაზრისით სიტუაცია სამივე ქვეყანაში კვლავ კრიტიკულია - აზერბაიჯანში ცილისწამება სისხლის სამართლის დანაშაულია; სომხეთსა და საქართველოში მედია საშუალებათა მფლობელების ვინაობის საკითხი არ არის გამჭვირვალე; მედიაზე, მათ შორის, საზოგადოებრივ მაუწყებლებზე, სამთავრობო ცენზურა ხორციელდება, რაც სერიოზულ პრობლემებს ქმნის დემოკრატიის განვითარებისთვის.  

აზერბაიჯანში ამჟამად გისოსებს მიღმა სხვადასხვა ბრალდებით 5 ჟურნალისტი და 2 ბლოგერი იმყოფება. რეალურად  პატიმრობა მათ საქიანობას უკავშირდება. ამჟამად საკმაოდ კრიტიკულია გაზეთ „ბიზიმ იოლ“-ის კორესპონდენტის მუშფიგ ჰუსეინოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა. იგი დაავადებულია ტუბერკულოზით, თუმცა ხელისუფლება  მის სათანადო მკურნალობას არ უზრუნველყოფს.

სამივე ქვეყანაში ჟურნალისტებს ხშირად ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ, მაგრამ როგორც წესი, დამნაშავეები დაუსჯელები რჩებიან.

ზემოთაღნიშნული ფაქტები და ტენდენციები მიანიშნებს, რომ სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის თვალსაზრისით, სერიოზული პრობლემებია. საკმაოდ გრძელია იმ პრობლემების სია, რომლებიც უარყოფით გავლენას ახდენს როგორც უფლებადამცველებზე, ასევე უბრალო მოქალაქეებზე.

სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით უფლებადამცველთა როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ ქვეყნებში არსებული გარემო უფლებადამცველებს რისკის ქვეშ აყენებს. შესაბამისად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ყურადღება მიექცეს უფლებადამცველთა დაცვას და მათი მუშაობის ხელშეწყობას. ყურადღება ასევე უნდა მიექცეს უფლებადამცველთა მიერ ადამიანის უფლებებთან და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით წამოჭრილი პრობლემების დაძლევას კონკრეტული მოქმდებით და დროული ზომებით. 

ვიხსენებთ რა  ბოლო წლების მსოფლიო გამოცდილებას, რომელიც გაეროს ყოფილმა გენერალურმა მდივნმა კოფი ანანმა ასე ჩამოაყალიბა - „როდესაც უფლებადამცველების უფლებები ირღვევა, ყველა ჩვენთაგანის უფლებები საფრთხეშია და ჩვენ ნაკლებად დაცულები ვართ“, ქსელის 30 წევრი ორგანიზაცია მოუწოდებს:

გაეროს, ევროკავშირს, ევროსაბჭოს, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს:

• გააძლიერონ მხარდაჭერა უფლებადამცველების მიმართ, ასევე გაზარდონ მათი წვლილი უფლებადამცველების დაცვის საქმეში, მათ შორის  ჩაერთონ ცალკეულ საქმეებში, რომლებზეც საჭიროა დაუყოვნებელი რეაგირება მათ ხელთ არსებული ადამიანის უფლებათა დაცვის ინსტრუმენტებისა და დაწესებულებების ფართო სპექტრის გამოყენებით;
• მიიღონ შესაბამისი ზომები, რათა მთავრობებმა, ევროკავშირის მისიებმა და სხვა შესაბამისმა ორგანიზაციებმა სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში, ასევე სხვა ქვეყნებშიც, ეფექტურად განახორციელონ გაეროს და ევროსაბჭოს დეკლარაციები და ევროკავშირის სახელმძღვანელო მასალები („გაიდლაინები“), რომლებიც უფლებადამცველებს ეხება;
• გააგრძელონ გაეროს უმაღლესი კომისრის, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის და გაეროს უფლებადამცველთა სპეციალური წარმომადგენლის ოფისების პოლიტიკური მხარდაჭერა, შესაფერისი შეფასება მისცენ მათ მიერ ჩატარებულ სამუშაოს და უზრუნველყონ ისინი საჭირო რესურსებით.
• განიხილონ უფლებადამცველებისთვის და მათი ოჯახებისთვის სპეციალური ფონდების შესაქმნელად ფინანსური დახმარების გამოყოფის საკითხი, ასევე განიხილონ ფინანსური დახმარების გამოყოფის საკითხი უკვე არსებული ორგანიზაციებისთვის და პროგრამებისთვის, რომლებიც ეხმარებიან უფლებადამცველებს და მათ ოჯახებს.

ევროსაბჭოს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების და სხვა დემოკრატიულ ქვეყნების საელჩოებს:

• მიიღონ შესაბამისი ზომები უფლებადამცველების მხარდასაჭერად ზოგადად და კონკრეტულ სარისკო სიტუაციებში:
- მიიღონ შესაბამისი ზომები რისკის ქვეშ მყოფი უფლებადამცველებისთვის და მათი ოჯახის წევრებისათვის ჰუმანიტარული სავიზო სქემების ან სასწრაფო ვიზების შემოსაღებად;
- მიიღონ საჭირო ზომები იმ უფლებადამცველების მხარდასაჭერად, რომლებიც საფრთხის ქვეშ იმყოფებიან ან მუდმივი დევნის გამო მათი მესამე ქვეყანაში გადაყვანაა საჭიროა;
- დააკვირდნენ უფლებადამცველების წინააღმდეგ გამართულ სასამართლო პროცესებს;
• განიხილონ უფლებადამცველებისთვის და მათი ოჯახებისთვის სპეციალური ფონდების შესაქმნელად ფინანსური დახმარების გამოყოფის შესაძლებლობა, ასევე განიხილონ სხვა მსგავსი პროგრამებისთვის ფინანსური დახმარების გაწევა;
• კონკრეტულ ქვეყნებში მუშაობის სტრატეგიების შექმნისა და განხორციელების დროს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ იმ ვალდებულებებს, რომლებსაც მათ აკისრებს ,,ევროკავშირის გაიდლაინები უფლებადამცველებთა შესახებ".

საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს:

• განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ იმას, რომ უფლებადამცეველებს სჭირდებათ უსაფრთხო და ხელსაყრელი გარემო, რათა ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიზაციის სფეროში განხორციელდეს სერიოზული ცვლილებები;
• სამოქმედო ქვეყნებში ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან დიალოგში ჩართონ რაც შეიძლება მეტი უფლებადამცველი;
• განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ უფლებადამცველებისა და მათი ოჯახებისათვის სპეციალური ფონდების შესაქმნელად ფინანსურ დახმარების გამოყოფის საკითხს, ასევე სხვა მსგავსი პროგრამების ფინანსურ დახმარებას.


Copyright © 2009 - 2024 | All Rights Reserved